CAPTAIN AMERICA:CIVIL WAR REVIEW
დოკუმენტურ ფილმში „წყვდიადის გულში“, რომელიც ამერიკული კინოს უმნიშვნელოვანეს სურათს „აპოკალიფსი დღეს“ და მის გადაღებებს ეხება, რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ეკითხებიან თუ როგორ ხედავს კინემატოგრაფის მომავალს, რაზეც იმ პერიოდში მრავალგვარი ნარკოტიკული საშუალებებით ექსპერიმენტებში გადავარდნილი კოპოლა პასუხობს, რომ ერთ დღესაც, ვინმე მსუქანი გოგო ოჰაიოდან აიღებს ხელში მამის კამერას და საოცრებას გადაიღებს, გაანადგურებს ეგრედ წოდებულ პროფესიონალიზმს კინოში და აქცევს თავის ნამუშევარს ხელოვნების ფორმად. დღესათვის ეს მსუქანი გოგონა, ძმები ჯო და ენტონი რუსო გამოდგნენ, რომლებმაც კონვეიერული წესით ფილმების მწარმოებელი უმსხვილესი ქარხნის კომპლექსური მექანიზმის ცალკეული ნაწილი აქციეს დამოუკიდებელ ორგანიზმად და ლამის საავტორო ფილმადაც კი.
რასაკვირველია აბსურდულად ჟღერს დისნეი/მარველის და საავტორო კინოს კორელაცია, მაგრამ დააკვირდით ფილმს და ყველაფერს თავად დაინახავთ. გარდა იმისა, რომ ფილმი ბრწყინვალე ექშენ ატრაქციონია, რომელიც ყოველ წრეზე უფრო უმატებს სიჩქარეს, უფრო თავბრუდამხვევად მანევრირებს და სულ უფრო მეტ მღელვარებას იწვევს, ის აგრეთვე ყველაზე ლოგიკური, ემოციური, აქტუალური და ბრუტალური სურათია „მარველის“ პანთეონში. ძნელია რეალისტური უწოდო ფილმს, სადაც სუპერადამიანები, მფრინავი კოსტუმები, უმაღლესი ინტელექტის მქონე ანდროიდები, ბიჭი ობობა და კაცი ჭიანჭველა არიან თავმოყრილი, მაგრამ რეჟისორებმა და სცენარისტებმა მაოხერხეს და მაქსიმალურად დააშორეს ფანტასტიკას მიმდინარე მოვლენები და მოგვითხრეს ისტორია, რომელიც გამოდგა თანმიმდევრული და დამაჯერებელი.
ფილმის ცენტრალური თუ განაპირა კონფლიქტი არის რეალისტური და ორგანული. აქ არ არის უცხო ცივილიზაციის მიერ სამყაროს განადგურების მცდელობა, ან ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე ანტაგონისტი, რომელიც ძალით აღემატება ყველას. მთავარი, რითაც შექმნელებმა ტრიუმფალური შედეგი მიიღეს, ეს არის დაპირისპირების ადამიანურ საფეხურზე დაყვანა, სადაც ემოციების, იდეოლოგიების და ეთიკური თანხვედრის შეუძლებლობის გამო იწყება ომი (პრინციპში ძნელია ომი უწოდო დაპირისპირებას, რომელიც 12 ადამიანს შორის ვითარდება, მაგრამ არსებული ძალების სიდიდის გამო, შეგვიძლია ომის მიკრო ვერსიად მივათვალოთ).
ძმებმა რუსოებმა ძალიან რთული მისია შეასრულეს და ბალანსი დაამკვიდრეს იმ გარგანტუასებრ კონგლომერატში, რასაც მარველის კინოსამყარო ეწოდება. სცენარისტებთან ერთად მათ შეძლეს ყველა მნიშვნელოვანი გმირისთვის, ანუ ორივე დაპირისპირებული ბანაკის და კიდევ ერთი-ორი პერსონაჟისთვის მიენიჭებინათ რეალისტური მოტივები, ფსიქოლოგიური პორტრეტი და რაც მთავარია, თავის სრულფასოვნად წარმოსაჩენი ეკრანული დრო.
სწორედ რეჟისორი ძმების ხელში გარდაიქმნა კაპიტანი ამერიკა მოსაწყენი რესპუბლიკელიდან მებრძოლ დემოკრატად, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ავტორიტეტებს, ძალაუფლებრივ ინსტანციებს და მოქმედებს არა სამხედრო ვალდებულების, არამედ საკუთარი ეთიკის მიხედვით. თუმცა თუ კაპიტანი სტივ როჯერსი კარგად ადაპტირდა ახალ სამყაროში როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მას ჯერ კვლავ უჭირს ინდივიდად ინტეგრირება, რადგან ემოციურად ის სხვა მორალურ ფასეულობებზე და წარსულ რომანტიზმზეა მიმაგრებული. მისთვის აღარ არსებობს სახელმწიფოს იდეა, რომლის გამოც ღირს ბრძოლაში ჩაბმა, მისთვის აღარ არსებობს ლიდერი, რომელსაც გაყვება, რადგან როგორც „ევენჯერებში“ და „ზამთრის ჯარისკაცში“ მომხდარმა მოვლენებმა უჩვენა მას, არ არსებობს სისტემა, რომელიც მანკიერებას არ ატარებს თან. შესაბამისად, როჯერსისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ უდანაშულო მოსახლეობა და თავის თანამებრძოლებია. თუმცა მისი კონფლიქტი ძალიან მარტივად გასაგები და სიმპათიის გამჩენია. ერთადერთი, რაც როჯერსს საკუთარ წარსულთან, მისთვის ცნობილ რეალობასთან და შეგრძნებებთან აბრუნებს, ბაკი ბარნსია, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველ ტერორისტადაა მიჩნეული. ამიტომ მარტივია გაუგო და მხარი დაუჭირო კაპიტანს პერსონალურ ბრძოლაში, რადგან ის მეგობრის გადასარჩენად იბრძვის.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ რეგისტრაციის აქტს, კაპიტანი მას ხელს არ აწერს იმიტომ, რომ არ ენდობა ძალაუფლების სათავეში მყოფ ავტორიტეტებს და ამის სრული საფუძველი გააჩნია. საპირისპიროდაა ყველაფერი ტონი სტარკისთვის, რადგან პირველი ფილმიდან მოყოლებული, როდსაც მან პირველად მოირგო რკინის კაცის კოსტუმი, ყველა პოსტ ფაქტუმ კონფლიქტი მის მიერ შქმნილი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა. ტონი სტარკს, უზარმაზარი გაბარიტების მქონე ეგოს პატრონს სადავეები გამუდმებით გაურბის ხელიდან. მას ჭირდება, რომ აკონტროლებდეს სიტუაციას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პირველ „რკინის კაცში“ ამაყად გააკეთა სუპერგმირული ქამინგ აუთი, აღმოაჩინა, რომ ის არც ერთადერთი და მითუმეტეს არც ყველაზე ძლევამოსილი გმირი არაა და ვერანაირი პროგრამული აფგრეიდებით ამ რელაობას ვერ გარდაქმნის. „სამოქალაქო ომში“ კი ვიგებთ, რომ ის პარტნიორმა პეპერ პოთსმაც მიატოვა სწორედ იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო გაეკონტროლებინა საკუთარი თავი და შეესრულებინა აღთქმული პირობა პენსიაში გასვლის და კოსტუმების განადგურების შესახებ.ერთი სიტყვთ, ტონი სტარკი სრულიად მარტოა დარჩენილი, მისი სასოწარკვეთა იმდენად სავალალო ფორმებს იღებს, რომ მშობლების ჰოლოგრამულ გამოსახულებასაც ქმნის, რომლის მეშვეობითაც ბოლო შეხვედრის სცენის გადათამაშებას ახდენს და წარსული განცდების და შეცდომების გამოსწორების ილუზიას იქმნის. მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ „ევენჯერები“ გააკონტროლოს, რომ მათ გარეშეც არ დარჩს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ განჩინებული დოკუმენტი, რომელის ხელმოწერის გარეშეც მათი დაქსაქსვა გარდაუვალია, ტონისთვის კანონიკური ტექსტივითაა, რომლის ქადაგებაც უნდა აღსრულდეს. პარალელურად დანაშულის გრძნობა მას მენტალურად ანადგურებს და ეს ერთის მხრივ გულისხმობს წარსულის ტრაგიკულ გამოძხილს მშობლების დაკარგვის გამო და ამჟამინდელ სიტუაციას, სადაც მისი შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მიერ ასეულობით მოკლული ადამიანის მორალური პასუხისმგებლობა მის კისერზეა.
საოცარია იმის ყურება თუ რამხელა ევოლუციური საფეხური გამოიარა ტონი სტარკმა „რკინის კაციდან“ – „სამოქალაქო ომამდე“, თავდაჯერებული მებრძოლიდან – საშინელ სტრესში მყოფ პირამდე, რომელსაც სადაცაა ინფარქტი შეიძლება განუვითარდეს. მთავარი გამარჯვება, რაც ფილმის შემქმნელებმა მოიპოვეს, არის ის, რომ კონფლიქტის გულში ინდივიდუალური პრიზმიდან ორივე მთავარი პერსონაჟი გასამართლებელი მოტივაციით აღჭურვეს. მარტივად შეგვიძლია გავუგოთ და ვუთანაგრძნოთ სტარკს, მაგრამ კიდევ უფრო მარტივია მხარი დაუჭირო კაპიტანს, რომელიც ცდილობს ბავშვობის ძმაკაცი და საკუთარი წარსულის უკანასკნელი კაფსულა გადაარჩინოს. რეალურად კაპიტანის მხარეს დგებიან ის სუპერგმირები, რომლებიც იდეოლოგიურ თანხვედრაში მოდიან მასთან, რკინის კაცის ირგვლივ კი მხოლოდ კერძო ინტერესების გამო ერთიანდებიან. ანუ რალურად, ტონი სტარკი ამ ბრძოლაშიც მარტოა.
თუმცა მთავარი ტრიუმფალური აღსრულება, გახლავთ შემდგომი კონფლიქტი, რომელიც გაცილებით პერსონალურ საფეხურზე განვითარდება ფილმის მესამე აქტში. იქ კი უკვე შეუძლებელია აირჩიო მხარე, რადგან ეთიკურად თუ ემოციურად, კაპიტანიც და სტარკიც ერთნაირად მართლები არიან. სპოილერების თავიდან არიდების მიზნით, სამწუხაროდ ამ თემაზე საუბარს ვეღარ გავაგრძელებ, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე ემოციური და საფუძვლიანი დრამის მატარებელი ორთაბრძოლაა, რაც მეინსტრიმ კინოში შექმნილა.
რაც შეეხება დანარჩენ სუპერგმირებს, შავი პანტერა ტონის ბანაკში მამაზე შურისძიების მიზნით ხვდება, როუდი უბრალოდ მისი ძმაკაცია, ვიჟენი ლოგიკურად ნაკლები მასშტაბების კატასტროფის მხარეს ირჩევს, ნატაშა რომანოვი კი უბრალოდ ცდილობს მეგობრები დაიცვას. საპირისპიროდ ჰოკაი კაპიტანს უერთდება, რადგან მისთვის მეგობრების დაცვა არა უსაფრთხოდ დამორჩილება, არამედ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა, ფალკონი როგორც ბროუდი, სუფთა ძმაკაცური მიზნებით იბრძვის, ვანდა ყველაზე მეტად რეპრესირებულია და არ სურს მუდმივი მეთვალყურეობის და კონტროლის ქვეშ ყოფნა, ენთ მენი მარტივად ამბობს, რომ კაპიტანი მისი გმირია და პატივია მის გვერდით დგომა. პარალელურად კაპიტალისტი სტარკის მიმართ ვერ ექნება სიმპათიები თავის შეხედულებების გამო და როგორც შემდგომ აღნიშნავს იმიტომაც, რომ მისი მენტორი ჰენკ პიმი სტარკებს არ ენდობა. რაც შეეეხება ადამიან ობობას, ის უბრალოდ 16 წლის ბავშვია, რომელსაც ავტორიტეტულმა ფიგურამ უთხრა როგორ იყო სწორი, რომ მოქცეულიყო და მას დაუჯერა.
ამრიგად, ყველაფერი ცალსახა და ლოგიკურია. დაპირისპირებულ სუპერგმირულ მხარეებში არ არსებობს ანტაგონისტის სახე. თუმცა ძმებმა რუსოებმა მოახერხეს და ანტაგონისტიც ყველაზე რეალისტური და დრამატული სარჩულის მქონე შემოგვთავაზეს. ჰელმუტ ზიმო ჩვეულებრივი ჯარისკაცია, დაცლილი ყოველგვარი ზებუნებრივი შესაძლებლობებისგან. მას პირადი ანგარიში ამოძრავებს და საბოლოოდ მისი გეგმა ახერხებს იმ შედეგის გამოღებას, რაც აქამდე ვერ მოახერხა ვერცერთმა არქივილანმა. კვლავ სპოილერების ზონაში გადასვლისგან თავის ასარიდებლად, მის მოტივაციაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მის ქმედებებს ძლიერი საფუძვლები გააჩნია.
გარდა იმისა, რომ იდეალურად გადაანაწილეს სივრცეები უამრავ მოქმედ გმირს შორის, რეჟისორებმა ახალი გმირების გაცნობა და მათი სოლო ფილმებისთვის საძირკველის ჩაყრაც საუკეთესოდ მოახერხეს. მაყურებელი უკვე მომზადებული შეხვდება შავი პანტერას სოლო ნადირობას, რადგან დავინახეთ როგორც მისი პიროვნული ღირებულებები, ისე ფიზიკური შესაძლებლობები, რომელიც ნამდვილად იმსახურებს კერძო სურათს. რაც შეეხება ადამიან ობობას, ის მართლაც საუკეთესო ეკრანული ვერსია გამოდგა წითელ ტრიკოიანი არაქნიდის, რადგან თავის თავში დაიტია ბავშვური მიამიტობა, მხიარულება, თავგადასავლებისადმი გაუნელებელი ინტერესი, მუდმივი, ძალიან სასაცილო ინტერაქცია ყველა შემხვედრ პირთან და „ძალისა და პასუხისმგებლობის“ დიქოტომიის მოდერნიზებული ვარიანტი.
ალბათ აღარ ღირს იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ ფილმში ვიზუალური ეფექტები საოცრად ცოცხალი და რეალისტურია, რადგან ამ მხრივ „მარველის“ პროდუქციას კარგა ხანია პრობლემები არ ქონია. რაც შეეხება ექშენს, ექშენი ისეთივე ენერგიულია, როგორც ახალდაშნთული ხარი როდეოზე. სცენაში, სადაც ბაკის პანტერა, ხოლო პანტერას კაპიტანი მისდევს, ყველაფერი იმდენად ძლიერ ტემპში ხდება, რომ კამერა თითქოს ვერ უსწრებს პერსონაჟებს და დევნის სცენებში სასოწარკვეთილი მიყვება უკან. ყოველი ჩხუბის სცენა, ჯგუფური თუ ინდივიდუალური, არის ქორეოგრაფიული შედევრი, ბრუტალური საცეკვაო ნომერი, ერთნაირად თვალისმომჭრელი როგორც ხელჩართული ბრძოლისას, ისე ჰაერში და მასშტაბური შეტაკების დროს. ყოველი შემდგომი ექშენ სცენა არის კიდევ უფრო სანახაობრივი და ემოციური, ვიდრე იყო წინამორბედი და ეს იმის ფონზე, რომ ყველა მათგანი ძლიერ ემოციურ და ვიზუალურ წონას ატარებს.
აეროპორტის შეტაკება გაცილებით გრანდიოზულია, ვიდრე „ევენჯერების“ ერთობლივი ბრძოლები უცხო მტერთან, რადგან აქ ერთმანეთს ეჯახებიან კოლორიტული გმირები და ამას აკეთებენ საოცარი გრაციოზულობით. რამდენიმე ეპიზოდში, განსაკუთრებით ენთ მენის მონაწილეობით, ბავშვური სიხარულისგან სავარძელზე მოსვენებულ მდგომარეობაში სხეულის დამორჩილებას ვერ მოახერხებ, რადგან არა მხოლოდ გონებით, მთელი სხეულითაც მიმდინარე პერიპეტიებში ერთვები, სადაც მხიარულება და სანახაობრიობა ცუნამის ძალით გიტევს. კლიმაქსური ექშენ სცენა კი არის ერთნაირად ლამაზი და ემოციური, სადაც უკვე შეუძლებელია მკაცრად მიემხრო რომელიმე მხარეს.
კრის ევანსი ტიტულოვან როლში ყველაზე ქარიზმატულად გამოიყურება. მისდამი ემპათია წინა ფილმების ფონზე ყველაზე ბუნებრივად მოდის. მისი კოლოსისებრი სხეული კი ისე გამოიყურება, როგორც ანტიკური ქანდაკება. სცენაში, როდესაც ვერტმფრენის მიწაზე შეჩერებას ცდილობს, ევანსის კუნთოვანი მასა ოქროს თვალისმომჭრელ მთებს ემსგავსება, რომელსაც სმაუგი იცავს. რობერტ დაუნიმ როგორც იქნა გაიხსენა, რომ კარგი მსახიობია და იმაზე გაცილებით მეტი დრამატული სიღრმე შესძინა ტონი სტარკს, ვიდრე ეს სოლო ფილმებში მოახერხა. პოლ რადმა ყველა სცენა მოიპარა, სადაც გამოჩნდა და ყოველი რეპლიკა იუმორისტული ჭავლის ექვივალენტად აქცია, ტომ ჰოლანდმა პიტერ პარკერს ის უდარდელობა, ენერგია და ხალისი შემატა, რაც აქამდე აკლდა პერსონაჟს. ჩედვიკ ბოუსმანი ენიგმატურად გამოიყურება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ინტერესს ”შავი პანტერას” ფილმისადმი. რაც შეეხება გვარდიის დანარჩენ წევრებს, ყველა სტანდარტულად უბავს მხარს მხიარულების წარმოებას. აღსანიშნავია ბაკის და ფალკონის ტანდემი, რომელიც მოულოდნელად მხიარულების ერთ-ერთ მთავარ კატალიზატორად და ბრწყინვალე დუოდ დაფიქსირდა.
გადაღების ტექნიკის და პოლიტიკური რეალობის აღწერის მხრივ ფილმი ყველაზე ნაკლებ გავს სანიმუშო ბლოკბასტერებს, ძმებმა რუსოებმა ინსპირაცია ნაცვლად სანიმუშო ამერიკული ბლოკბასტერებისგან, რობერტ ოლტმენის, კოსტა გავრასის და დევიდ ფინჩერისგან მიიღეს. სუპერგმირული საკითხების მიღმა, რეჟისორებმა რეალური პოლიტიკური ლანდშაფტი შექმნეს, სადაც სახელმწიფო და ძალაუფლების მქონე პირები ძლიერი იარაღის პრივატიზებასა და ინდივიდუალური ნების დამორჩილებისთვის არაფერზე იხევენ უკან. „ზამთრის ჯარისკაცში“ ჯო და ენტონი რუსომ სტივ როჯერსი ლამის ედვარდ სნოუდენის ავატარად აქციეს და საყოველთაო სიკეთისთვის მებრძოლი გმირის სტატუსი შეუნარჩუნეს, ახლა კი ისინი გვიჩვენებენ გაეროს მიერ მშვიდობისთვის მებრძოლი, უდანაშულო ჯგუფის მარგინალიზების და კრიმინალიზაციის მცდელობას მათ მიერ ნაკარნახები წესდების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. ასე რომ „სამოქალაქო ომის“ ღირებულებებს საოცრად გასართობი, სანახაობრივი, ემოციური და გამართული ნარატივის ფორმასთან ერთად ისიც ემატება, რომ მასში სოციალური კომენტარების ამოკითხვაც შეგიძლიათ.
რეჟისორებმა მაყურებელს ქმედების სრული თავისუფლება მისცეს, საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას, დააპურებთ მხოლოდ სხეულს თუ იზრუნებთ სულზეც. მსუქანი გოგონა ოჰაიოდან რადიკალურად ცვლის მეინსტრიმ კინოს სტანდარტებს. სწორედ ამ, გარკვეული კუთხით ეპიკური მიდგომით, „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ ყველა მათგანის გულს განგმირავს, ვინც ეკრანის მეორე მხარეს იმყოფება.
წყარო: DIGITALCULTURE.GE ავტორი: ბაჩო ოდიშარია